ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლებით. აქედან გამომდინარე მას ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს.
ქალაქი და მუნიციპალიტეტი - ქუთაისი მდებარეობს იმერეთში, მდინარე რიონის სანაპიროებზე, ზღვის დონიდან 80-120 მეტრზე და იგი წარმოადგენს იმერეთის ცენტრს. იმერეთს გეოგრაფიულადაც ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში და კარგი ბუნებრივი საზღვრებითაა შემოფარგლული.
იმერეთის დედაქალაქი ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მასპინძლობს. ქალაქი გამოირჩევა მრავალფეროვანი ისტორიით და ბუნებით, არქიტექტურით, ისტორიული ძეგლებით, მღვიმეებით, კანიონებით და კულტურით.
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი.
ქუთაისი საკმაოდ კარგად განვითარებული ქალაქია საქართველოში, იგი თბილისის შემდეგ, ქალაქებს შორის, მეორე ადგილს იკავებს. აქ მრავლადაა რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, არის ასევე თეატრი, კინო, მუზეუმი და სხვა მნიშვნელოვანი ობიქტები, რაც გააჩნია სხვა განვითარებულ ქალაქებს. ქუთაისი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოში. ეს არის ქალაქი, რომელსაც უნდა იცნობდე.