
ბევრი ბათუმს სიყვარულის ქალაქს უწოდებს და არცთუ - უბრალოდ. აქ გამეფებული განსაკუთრებული ატმოსფერო და ამ თემატიკის უამრავი სკულპტურა რომანტიკულ განწყობას ქმნის. ხელოვნების ერთ-ერთ ასეთ ნაწარმოებს წარმოადგენს ქანდაკება „ალი და ნინო“.
8 მეტრი სიმაღლის ლითონის ფიგურები, რომლებიც მამაკაცსა და ქალს გამოსახავენ, ერთმანეთის პირისპირ დგანან. მათ, ვინც აქ დღისით სეირნობს, ეგონება, რომ ეს ფიგურები სტატიკურია. ყველაზე საინტერესო რამ ხდება საღამოს 19.00 საათზე, როდესაც კომპოზიცია მოძრაობას იწყებს. შეყვარებულები ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს, შეხვედრისას ერთურთს ერთ მთლიანობად ერწყმიან, რის შემდეგაც კვლავ სხვადასხვა მხარეს გადიან. ყველაფერი ძალიან აუჩქარებლად ხდება და ამაზე დასაკვირვებლად დააახლოებით 10 წუთია საჭირო. სავსებით განსხვავებულად წარმოჩინდება ეს ქანდაკება ღამის საათებში, ვინაიდან ეფექტურად ნათდება.
შესაძლებელია, ბევრ თქვენგანს გაუჩნდეს კითხვა: „ვინაა ეს წყვილი, მაინცდამაინც ისინი რატომ განასახიერებენ სიყვარულს?“ ალი და ნინო იმ რომანის გმირები არიან, რომლის ავტორია ყურბან საიდი. ესაა წარჩინებული გვარის აზერბაიჯანელის, ალი ხან შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის მშვენიერი და გულშიჩამწვდომი ისტორია. ახალგაზრდების მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ მათ ურთიერთობას, მაგრამ, როგორც ცნობილია, სიყვარული არ ეპუება დაბრკოლებებს. შეყვარებულები საქორწინო კავშირით შეერთდნენ, მათ გზაზე მრავალი სირთულე და გამოცდა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული არ ეწერა.
ამ ქანდაკების ყურებისას გრძნობ, რომ ის თავის ადგილას დგას. „ალი და ნინო“ შესანიშნავად ჩაეწერა ბათუმის ბულვარის პეიზაჟში. მოცემული კომპოზიცია თვალს ატყვევებს და აღვიძებს ინტერესს ყოველში, ვინც აქ პირველად სეირნობს.