აჭარის რეგიონის გული - ბათუმი - ცნობილია ბევრისთვის, როგორც
თანამედროვე და დინამიურად განვითარებადი საკურორტო ქალაქი. გასაოცარი
არაა, რომ სწორედ აქ მდებარეობს ადგილი, რომელმაც ქალაქს აჩუქა მისი
სიმბოლო – დელფინი. ბათუმის დელფინარიუმი, რომლიც 2011 წელს 11-წლიანი
შესვენების შემდეგ გაიხსნა, თავისკენ იზიდავს სხვადასხვა ასაკის
ასობით მნახველს. თავისი ისტორია მან შორეულ 1975 წელს დაიწყო. ეს იყო
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი სადემონსტრაციო
დელფინარიუმი.
ზღვის ბინადართა წარმოდგენაზე არა მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებნი
მოდიოდნენ, არამედ ტურისტებიც, რომელთა შორის დელფინარიუმი დიდი
პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში, რთულ
პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, დელფინარიუმმა
მუშაობა შეწყვიტა. 20-წლიანი „შვებულების“ მერე ქალაქის მერიამ, ფონდ
„ქართუსთან“ ერთად, ამ ადგილს ახალი სიცოცხლე აჩუქა.
ამჟამად ის წარმოადგენს შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. დღეისთვის
შენობა მთლიანად აღდგენილია და მას თანამედროვე დიზაინი აქვს. აქ
დაცულია ხელოვნურ პირობებში ზღვის ცხოველების შენახვის ყველა
აუცილებელი მოთხოვნა. აგრეთვე, დელფინარიუმის ტერიტორიაზე მოქმედებს
სადემონსტრაციო აკვარიუმი, რომელშიც შეიძლება იხილოთ საქართველოს
მტკნარი წყლებისა და შავი ზღვის ბინადარნი, ხოლო ეგზოტიკის
მოყვარულები, ღირს, რომ გაეცნონ ამაზონიდან გადმოსახლებულებს.

30-წუთიანი პროგრამა საკმარისია იმისთვის, რომ გულგრილი არ დატოვოს არც დიდი და არც პატარა. ამ მშვენიერი ქმნილებების მიერ შესრულებული სხვადასხვა ელემენტი მზერას იპყრობს და წარმოდგენისადმი ინტერესს აცხოველებს. მთავარი მოქმედი გმირი 8 დელფინია, რომელთაგან ერთი სულ პატარაა. ისინი ამაყად წარმოაჩენენ თავის პროფესიონალიზმს და შედეგად იმკიან შოუს თითოეული მაყურებლის დიდ სიმპათიას. ხოლო ვისაც სურს ზღვის ბინადრების ახლოს გაცნობა, ბათუმის დელფინარიუმი სთავაზობს აუზში ერთობლივ ცურვას. ალბათ, ბევრს გაუგია დელფინოთერაპიის მეშვეობით სხვადასხვა დაავადების მკურნალობის შესახებ. ულტრაბგერა, რომელსაც დელფინი გამოსცემს, დაავადებასთან გამკლავების მთავარი ელემენტია.
მეგობრული დელფინები თავად მოდიან კონტაქტისთვის, სულაც არ არიან
წინააღმდეგნი გაინავარდონ და განწყობა გაგიუმჯობესონ. ცხადია, თუ რამე
გაწუხებთ, ერთი სეანსი განკურნებისთვის ცოტაა, თანაც, ცხადია,
აუცილებელია სრული გამოკვლევა და სპეციალისტის კონსულტაცია. თუმცა,
უბრალოდ განწყობის გასაუმჯობესებლად და დადებითი შეგრძნებებით
დამუხტვისთვის დელფინთან ერთად გატარებული დრო თქვენთვის საკმარისი
იქნება.